დღეს საქართველოში ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა განათლება ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. შესაბამისად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, მსგავსად ნებისმიერი სხვა მოსწავლისა, სწავლობს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოებით. როგორც აღმოჩნდა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების და სახელმძღვანელოების მორგება სსსმ მოსწავლეებისთვის არცთუ ისე ადვილია მასწავლებლებისთვის.არსებობს რამოდენიმე მიზეზი, რატომაც უნდა ხდებოდეს სსსმ მოსწავლეთა განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და არ არის მიზანშეწონილი მათთვის განსხვავებული და სპეციალური სასწავლო გეგმის გამოყენება: პირველ ყოვლისა, სსსმ მოსწავლეები სარგებლობენ იმავე საგანმანათლებლო და სხვა უფლებებით, რაც აქვს ნებისმიერ სხვა მოსწავლეს; ის მიზნები, რომელსაც განათლების სისტემა ისახავს, ზოგადად, ნებისმიერი მოსწავლისთვის და რომელიც ასახულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საერთო უნდა იყოს სსსმ მოსწავლეებისთვისაც. გარდა ამისა, იმდენად განსხვავებული და მრავალფეროვანია სსსმ მოსწავლეთა უნარები და შესაძლებლობები, შეუძლებელია არსებობდეს ერთიანი კურიკულუმი მათთვის. სხვა სიტყებით რომ ვთქვათ, შეუძლებელია განისაზღვროს ის ერთიანი და სპეციფიური სასწავლო მიზნები, რომელსაც ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ უნდა მიაღწიოს. მაგალითად, ერთ შემთხვევაში ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლისვის ერთ-ერთი საბოლოო მოზანი შეიძლება იყოს, რომ მან ისწავლოს ფუნქციური კითხვა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება; კერძოდ, შეძლოს საკუთარი სახელის, გვარის და მისამართის დაწერა; ტრანსპორტზე მარშრუტის მიმანიშნებელი წარწერების ამოკითხვა; პროდუქტების სიის წაკითხვა და მისი გამოყენება სასურსათო მაღაზიაში და ა.შ. სხვა. სსსმ მოსწავლისთვის შეიძლება სრულიად შესაძლებელი აღმოჩნდეს გაეცნოს ქართულ მწერლობას, ყველა იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომელსაც სკოლაში ასწავლიან, თუკი ამისთვის განსაკუთრებული პირობები ექნება, კერძოდ გაუმარტივებენ დავალებებს; მისცემენ სხვა ბავშვებთან შედარებით მეტ დროს დავალების შესრულებისთვის და ა.შ.
ცხადია ამ მოსწავლეებისთვის, რომელთაგან ყველა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისაა, მაგრამ სრულიად განსხვავებული შესაძლებლობის; შეუძლებელია არსებობდეს იდენტური სასწავლო მიზნები და იდენტური სასწავლო გეგმა, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმისა, რომელიც საერთოა ყველა მოსწავლისთვის. ხოლო ისეთი მოსწავლეებისთვის, რომელთა შესაძლებლოებები და საჭიროებები მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი თანატოლებისგან და რომელთათვისაც შეუძლებელი ხდება ეროვნული სასწავლო მიზნების მიღწევა სწავლების არსებული და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ინდივიდუალურად განსაზღვრული სასწავლო მიზნები და სწავლების მეთოდები, ანუ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ერთადერთი მართებული გამოსავალი. თუმცა ამ შემთხვევაშიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა შემუშავდეს ეროვნულ სასწავლო გეგმის მიზნების გათვალისწინებით. შესაბამისად არა განსხვავებული (სპეციალური) სასწავლო გეგმა სსსმ მოსწავლეებითვის, არამედ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის და ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირების მაღალპროფესიული უნარები არის პრობლემის გადაწყვეტა.
Комментариев нет:
Отправить комментарий